24.11.09

ფანტაზიის სამყაროში

უცნაურია, მაგრამ ფართო საზოგადოება მშვენივრად იცნობს უდაოდ მნიშვნელოვან ხელოვანს, უოლტ დისნეის და მის ფილმებს, მაგრამ არანაკლებად საინტერესო ჩეხი ანიმატორის, ირჟი ტრნკას  სახელი კი მხოლოდ სპეციალისტებისა და მოყვარულების ვიწრო წრისთვისაა ცნობილი. არადა, ტრნკას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრემია, მას ჯერ კიდევ ორმოციან წლებში "აღმოსავლეთის დისნეის" ერთადერთ მეტოქეს უწოდებდნენ. ინგლისურ პრესაში სტატიაც კი გამოქვეყნდა სათაურით "ამ კაცმა დისნეის მეფობა ჩამოართვა". დისნეის ფირმა იმ დროისთვის უკვე მსოფლიო ყველაზე დიდი, თანამედროვე და წარმატებული იყო, მაგრამ ასეთმა სტატიებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია და პრაღაში ამერიკელთა დელეგაცია ჩამოვიდა იმის სანახავად, თუ რა გასაკუთრებული, მოწინავე მეთოდებით მუშაობს ირჟი ტრნკას სტუდია. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ ნახეს ერთი ციცქნა სტუდია, სადაც მცირერიცხოვანი კოლექტივი ძველისძველი, ომამდელი კამერებით მუშაობდა. მაგრამ ამ მოძველებული კამერით ტრნკა ახერხებდა, შეექმნა თავისებური, ოცნებისეული სამყარო, რომელიც არავის და არაფერს არ იმეორებდა. საინტერესოა, რომ მის ფილმებში თითქმის არ არის დიალოგები - მაყურებელი ისედაც ხვდება ყველაფერს, განწყობის შექმნას კი მუსიკა უწყობს ხელს.

ირჟი ტრნკა უაღრესად მრავალმხრივი ხელოვანი იყო, რის გამოც მას "რენესანსის ადამიანს" ეძახდნენ. იგი იყო ფერმწერი და გრაფიკოსი, ქმნიდა ხის ქანდაკებებს, წერდა წიგნებსა და სცენარებს, იღებდა თოჯინურ და ნახატ ფილმებს, მუშაობდა თოჯინების თეატრში, თავისი ხელით აკეთებდა თოჯინებს და უკერავდა მათ კოსტუმებს, უკრავდა მრავალ მუსიკალურ ინსტრუმეტზე, ეხერხებოდა ყველანაირი შრომა. ცნობილი თურქი მწერალი ნაზიმ ჰიქმენთი წერდა: " მე ვიცნობ კინოხელოვნების ორ პოეტს: ჩარლი ჩაპლინს და ირჟი ტრნკას".


2 Kommentare: