20.11.09

თოჯინური ანიმაცია

ანიმაცია უამრავ სხვა ტექნიკებსა და გამომსახველობით საშუალებებს მოიცავს. მაგალითად, ასეთია სრულიად განსხვავებული და თვითმყოფადი ანიმაციური ტექნიკა - თოჯინური ანიმაცია.

ნახატი ანიმაციისგან განსხვავებით, თოჯინური ანიმაცია მოცულობრივი ტექნიკაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაღებისას კეთდება სამგანზომილებიანი მაკეტი - პატარა სცენა, რომელზეც თოჯინები და დეკორაციაა განლაგებული.

ყოველ კადრს ცალ-ცალკე იღებენ და თითოეულ მათგანში სულ მცირე ცვლილებებია შეტანილი - მაგალითად, თოჯინა ოდნავ გადაადგილდება და სხვა. ამ კადრებს ეკრანზე გაშვებისას ჩნდება მოძრაობის ილუზია.

თოჯინური ანიმაცია ისეტივე ძველი დარგია, როგორც ნახატი. ჯერ კიდევ 1898 წელს ამერიკელებმა ჯეიმს სტიუარტ ბლეკტონმა და ალბერტ სმითმა გადაიღეს პირველი თოჯინური ფილმი "ლილიპუტების ცირკი". აქ მათ გამოიყენეს ილუზიის ეფექტი, რომელიც ჩემთხვევით აღმოაჩინეს სხვა ფილმის გადაღების დროს, როდესაც ხანმოკლე დროით თიშავდნენ ხოლმე კამერას გადასაღები ობიექტის გამოსაცვლელად.

ევროპაში პირველი თოჯინური ანიმაცია შეიქმნა რუსეთში, შემდეგ კი საფრანგეთში მოღვაწე პოლონელმა რეჟისორმა ვლადისლავ სტარევიჩმა. ეს ასე მოხდა: სტარევიჩს, რომელიც მწერებს სწავლობდა, უნდოდა ხოჭოების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძლიერი განათებისას ხოჭოები აღარ მოძრაობდნენ, ამიტომ სტარევიჩმა ხოჭოების ფიტულები გააკეთა და კადრობრივი გადაღებით "გააცოცხლა" ისინი. ამის შემდეგ მან ეს ხერხი ანიმაციური კომედიების და ზღაპრების გადასაღებად გამოიყენა, რასაც მოულოდნელი შედეგი მოყვა: მაყურებლებმა იგი გენიალურ "მომთვინიერებლად" ჩათვალეს და უკვირდათ, როგორ მოახერხა მან უბრალო ხოჭოები ასე გაეწვრთნა.

მაგრამ ევროპასა და ამერიკაში თოჯინურმა ნახატთან შედარებით ნაკლებად მოიკიდა ფეხი: 30-იანი წლებიდან მოყოლებული, აქ დისნეის შემოქმედება იყო გამეფებული, გაცილებით უფრო პოპულალური იყო თოჯინური ფილმები ჩეხოსლოვაკისა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: რუსეთში, საქართველოში, ესტონეთში, დიდი სიყვარულით აარგებლობდა ისინი იაპონიაშიც. მთელ მსოფლიოშია ცნობილი რომან კაჩანოვის "ჩებურაშკა", ლეონიდ შვარცმანის "38 თუთიყუში", ირჟი ტრნკას "მამაცი ჯარიშკაცი შვეიკი" და კიჰაციო კავამოტოს "დემონი"

საქართველოში თოჯინური მულტიპლიკაციის დარგში განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა კარლო სულაკაური, რომლის "სალამურა" , "გოგონა და შადრევანი", "ბომბორა", "საზამთრო" და სხვები ისეთი ფანტაზიით, თვითმყოფადობით და კეტილი იუმორით გამოირჩევა, რომ არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების აუდიტორიაც მიიზიდა.

განსაკუთრებით საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა ნოვატორული მარიონეტული ანიმაციური ფილმი "კოჯრის ტყის სიზმრები", რომლის შექმნაში ქართული ხელოვნების ნამდვილმა  "თანავარსკვლავედმა" მიიღო მონაწილეობა: რეჟისორმა და სცენარისტმა რეზო გაბრიაძემ, მხატვრებმა თენგიზ მირზაშვილმა, ზურაბ ნიჟარაძემ და ჯემალ ლოლუამ, მსახიობებმა ეროსი მანჯგალაძემ და რამაზ ჩხიკვაძემ.


"38 თუთიყუში"



"კოჯრის ტყის სიზმრები"



"მაფეთ შოუს" ტოჯინური პერსონაჟები. ავტ. ჯიმ ჰენსონი.



3 Kommentare:

  1. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ძალიან საინტერესო ბლოგი ვიპოვე და მიხარია :)

    ამ პოსტმა კი იმდენი საყვარელი მულტფილმი გამახსენა...

    AntwortenLöschen
  2. p.s. ნუ, მე მაინც ზოგადად ყველას მულტფილმს ვეძახი :))

    AntwortenLöschen
  3. @Keti
    დიდი მადლობა :*

    AntwortenLöschen