ისტორიული პეიზაჟი კლასიციზმის ხანაში, XVII ს-ში ჩაისახა და მისი მთავარი წარმომადგენლები ნიკოლა პუსენი და კლოდ ლორენი იყვნენ. ორივე მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა და მათ ტილოებზე უმეტესად რომის მიდამოებია ასახული, მაგრამ ეს ხედები ფოტოგრაფიული სიზუსტით არ ასახავდა გარემოს : ისინი გამშვენიერებული და იდეალიზებულია. ეს იმიტომ არის, რომ პუსენის და ლორენის პეიზაჟები შთაგონებული იყო ანტიკური კულტურით, კერძოდ ლეგენდით არკადიაზე, ძველი საბერძნეთის ბედნიერ და მშვენიერ კუთხეზე, სადაც ადამიანები ბუნების წიაღში მშვიდად, უბრალოდ და უდარდელად ცხოვრობდნენ. სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის იმ ჟანრს, რომელიც ასეთ სიუჟეტებზეა აგებული, "პასტორალი" ეწოდება.
კლასიციზმის ხანის ისტორიულ პეიზაჟებზე ყველაფერი სიმეტრიული და გაწონასწორებულია, ყველა ხე, კლდე თუ შენობა ზუსტად განსაზღვრულ ადგილზეა გამოსახული, ფერები რბილად და ჰარმონიულადაა შეხამებული, ერთიანი, მშვიდი განათება კი უფრო აძლიერებს საერთო შთაბეჭდილებას.