5.11.09

პომპეის ფრესკები

ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები ხშირად ასახავს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ განსაკუთრებით დრამატულ მომენტებს. ახლა შენს წინაშეა აკადემიური  ფერწერის ცნობილი ნიმუში, კარლ ბრიულოვის სურათი "პომპეის უკანასკნელი დღე". აქ ასახულია ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი, როდესაც ახ.წთ-ის I საუკუნეში რომაული ქალაქი პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ იმსხვერპლა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა, ქუჩები, მოედნები, სახლები, შადრევნები და აუზები ვულკანურმა ფერფლმა და ლავამ დაფარა. ნელ-ნელა ქალაქის არსებობა დავიწყებას მიეცა. მაგრამ როდესაც XIX ს-ში არქეოლოგებმა გათხარეს პომპეი, აღმოჩნდა, რომ ათასწლეულთა მანძილზე იგი სრულიად უცვლელი დარჩენილიყო. გადარჩა არა მარტო არქიტექტურა და ქანდაკება, არამედ, წარმოიდგინე, ავეჯი და სხვადასხვა ნივთებიც კი. გამოდის, რომ ამ საშინელმა კატასტროფამ საშუალება მისცა თანამედროვე მეცნიერებას, აბსოლიტურად ზუსტად დაედგინათ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები რომის იმპერიაში.

განსაკუთრებით საინტერესოა მოზაიკური იატაკები და ფრესკები, რომლებიც თითქმის მთლიანად ფარავს შენობების კედლებს. არსანიშნავია, რომ აქ გვხვდება სრულიად განსხვავებული მოხატულობები: ზოგი უბრალოდ ფერადი მარმარილოს ფილების ფერწერული იმიტაციაა, არის სუფთა დეკორატიული მოხატულობებიც - სხვადასხვა ტიპის ორნამენტები, არქიტექტურული ელემენტების ოსტატური იმიტაციებიც - მაგ: დახატული კარ-ფანჯრები, სვეტები, თაღები და სხვა. მაგრამ არის ისეთი ფრესკებიც, რომლებზეც მითოლოგიური ან ყოფითი სცენები, პორტრეტები, პეიზაჯები და ნატურმორტებია გამოსახული.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen