20.11.09

თოჯინური ანიმაცია

ანიმაცია უამრავ სხვა ტექნიკებსა და გამომსახველობით საშუალებებს მოიცავს. მაგალითად, ასეთია სრულიად განსხვავებული და თვითმყოფადი ანიმაციური ტექნიკა - თოჯინური ანიმაცია.

ნახატი ანიმაციისგან განსხვავებით, თოჯინური ანიმაცია მოცულობრივი ტექნიკაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაღებისას კეთდება სამგანზომილებიანი მაკეტი - პატარა სცენა, რომელზეც თოჯინები და დეკორაციაა განლაგებული.

ყოველ კადრს ცალ-ცალკე იღებენ და თითოეულ მათგანში სულ მცირე ცვლილებებია შეტანილი - მაგალითად, თოჯინა ოდნავ გადაადგილდება და სხვა. ამ კადრებს ეკრანზე გაშვებისას ჩნდება მოძრაობის ილუზია.

თოჯინური ანიმაცია ისეტივე ძველი დარგია, როგორც ნახატი. ჯერ კიდევ 1898 წელს ამერიკელებმა ჯეიმს სტიუარტ ბლეკტონმა და ალბერტ სმითმა გადაიღეს პირველი თოჯინური ფილმი "ლილიპუტების ცირკი". აქ მათ გამოიყენეს ილუზიის ეფექტი, რომელიც ჩემთხვევით აღმოაჩინეს სხვა ფილმის გადაღების დროს, როდესაც ხანმოკლე დროით თიშავდნენ ხოლმე კამერას გადასაღები ობიექტის გამოსაცვლელად.

ევროპაში პირველი თოჯინური ანიმაცია შეიქმნა რუსეთში, შემდეგ კი საფრანგეთში მოღვაწე პოლონელმა რეჟისორმა ვლადისლავ სტარევიჩმა. ეს ასე მოხდა: სტარევიჩს, რომელიც მწერებს სწავლობდა, უნდოდა ხოჭოების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძლიერი განათებისას ხოჭოები აღარ მოძრაობდნენ, ამიტომ სტარევიჩმა ხოჭოების ფიტულები გააკეთა და კადრობრივი გადაღებით "გააცოცხლა" ისინი. ამის შემდეგ მან ეს ხერხი ანიმაციური კომედიების და ზღაპრების გადასაღებად გამოიყენა, რასაც მოულოდნელი შედეგი მოყვა: მაყურებლებმა იგი გენიალურ "მომთვინიერებლად" ჩათვალეს და უკვირდათ, როგორ მოახერხა მან უბრალო ხოჭოები ასე გაეწვრთნა.

მაგრამ ევროპასა და ამერიკაში თოჯინურმა ნახატთან შედარებით ნაკლებად მოიკიდა ფეხი: 30-იანი წლებიდან მოყოლებული, აქ დისნეის შემოქმედება იყო გამეფებული, გაცილებით უფრო პოპულალური იყო თოჯინური ფილმები ჩეხოსლოვაკისა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: რუსეთში, საქართველოში, ესტონეთში, დიდი სიყვარულით აარგებლობდა ისინი იაპონიაშიც. მთელ მსოფლიოშია ცნობილი რომან კაჩანოვის "ჩებურაშკა", ლეონიდ შვარცმანის "38 თუთიყუში", ირჟი ტრნკას "მამაცი ჯარიშკაცი შვეიკი" და კიჰაციო კავამოტოს "დემონი". 

საქართველოში თოჯინური მულტიპლიკაციის დარგში განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა კარლო სულაკაური, რომლის "სალამურა" , "გოგონა და შადრევანი", "ბომბორა", "საზამთრო" და სხვები ისეთი ფანტაზიით, თვითმყოფადობით და კეტილი იუმორით გამოირჩევა, რომ არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების აუდიტორიაც მიიზიდა.

განსაკუთრებით საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა ნოვატორული მარიონეტული ანიმაციური ფილმი "კოჯრის ტყის სიზმრები", რომლის შექმნაში ქართული ხელოვნების ნამდვილმა  "თანავარსკვლავედმა" მიიღო მონაწილეობა: რეჟისორმა და სცენარისტმა რეზო გაბრიაძემ, მხატვრებმა თენგიზ მირზაშვილმა, ზურაბ ნიჟარაძემ და ჯემალ ლოლუამ, მსახიობებმა ეროსი მანჯგალაძემ და რამაზ ჩხიკვაძემ.


"38 თუთიყუში"



"კოჯრის ტყის სიზმრები"



"მაფეთ შოუს" ტოჯინური პერსონაჟები. ავტ. ჯიმ ჰენსონი.



14.11.09

პეიზაჯი "პასტელის გრავირების ტექნიკით"

ელენე ახვლედიანის ძველი თბილისის პეიზაჟები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მისი შემოქმედების განვლილ პერიოდში, 1960-70-იან წლებშია შესრულეული, ძალზე ფერწერული და დეკორატიულია. ეს რეალური, ნატურიდან დახატული ხედებია, მაგრამ მხატვრის თავისებური, თავისუფალი მანერა, პირობითი ხერხები და ორიგინალური ხედვა მათ ძღაპრულ, საზეიმო, ოდნავ თეატრალურ იერს ანიჭებს.


ძველი თბილისის კუთხე. 1963


ძველი თბილისი, მეიდანი, 1927


ძველი თბილისი, ბაზარი, 1966

                                                                                                       

12.11.09

ფოტოკოლაჟი

ფოტოგრაფიისა და მხატვრობის სინთეზის საფუძველზე წარმოიქმნა ახალი თანამედროვე დარგი - ფოტოკოლაჟი. როგორც ეს სიტყვიდანაც ჩანს, ეს არის კოლაჟი, რომელიც რამდენიმე ფოტოსურათის ნაწილებისგანაა შედგენილი. აქ შეიძლება იყოს გამოყენებული ტექსტი და ნახატი.

ასეთი ტექნიკა ჯერ კიდევ  XIX სიში გაჩნდა. მაგრამ მაშინ მას ჯერ არ ჰქონდა მხატვრული დანიშნულება : ფოტოკოლაჟით შესრულებული ღია ბარათები მხოლოდ გასართობ ან სასაცილო ხასიათს ატარებდა.

პირველად ფოტოკოლაჟის ტექნიკის მხატვრული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ XX ს-ის 30-იან  წლებში გერმანელი ხელოვანები - დადაისტები და სიურეალისტები, მათ შორის იყო კურტ შვიტერსი და რაულ ჰაუსმანი. ფოტოკოლაჟმა მისცა მათ შესაძლებლობა შეექმნათ ძალზე ნოვატორული, ტრადიციული ხელოვნებისგან სრულიად განსხვავებული ნაწარმოებები, ანუ, როგორც პაუსმანი წერდა, "შეექმნათ თამამი და ალოგიკური მოზაიკა" რეალობის ნამსხვრევებისგან" . 

ხელმეორედ ფოტოკოლაჟით ხელოვანთა გატაცება იწყება 60-იან წლებში, როდესდაც "პოპ-არტის მამად" წოდებული ინგლისელი მხატვარი რიჩარდ ჰამილტონი ქმნის ნამუშევრებს სახელწოდებით "მაშ რა ხდის ჩვენს დღევანდელ ბინებს ესოდენ თავისებურს, ესოდენ მიმზიდველს?" . ჟურნალებიდან  ამოჭრილი ფერადი ფოტოებისგან დამონტაჟებული ეს კოლაჟი პოპ-არტის პირველ და პროგრამულ ნაწარმოებად ითვლება, რადგანაც აქ ყველაფერი უბრალო ადამიანისთვის ჩვეული სტანდარტული გარემოს მიმანიშნებელია. თვით ჰამილტინმა ამ სიტყვით დაახასიათა პოპ-არტი: "პოპულალური, ხანმოკლე, წარმავალი, იაფი, მასობრივი, ახალგაზრდა, გონებამახვილი, მაცდური, მოდური, დიდი ბიზნესი".

_____________________________

განსაკუთრებულად ფართო აღიარება მოუტანა ფოტოკოლაჟის დარგს პიტერ ბლეიკის მიერ გაფორმებულმა "ბითლზის"  ალბომმა "სერჟანტი პეპერი", რომლის ყდაზე მან გამოსახა  ფოტოკოლაჟი "ხალხი, რომელიც ჩვენ გვიყვარს". "ბითლზის" უზომო პოპულარობის გამო ეს ნაწარმოები მილიონობით ადამიანმა გაიცნო.

_____________________________

ამავე მიმდინარეობას ეკუთვნი თანამედროვე ინგლისელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის შემოქმედება, რომელმაც შემდგომში ამერიკაში გააგრძელა მოღვაწეობა. მისი ნამუშევრები ერთი და იგივე ობიექტის სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოების კომბინაციას წარმოადგენს.


10.11.09

სინათლით ხატვა

იდეამ იმის შესახებ, რომ ფოტოგრაფია ისეთივე ხელოვნებაა, როგორც ფერწერა და გრაფიკა, თავისი განვითარება ჰპოვა მერიკრლი სიურეალისტი მხატვრისა და ფოტოხელოვანის მენ რეის შენოქმედებაში. მან გამოიგონა ბევრი ისეთი ტექნიკური სიახლე, რომელიც საშუალებას აძლევდა მას უცნაური "ზერეალური" სახე მიეცა საგნებისა და ადამიანების გამოსახულებებისათვის. მენ რეი წერდა : "მე არ ვიღებ ბუნებას. მე ჩემს ზმანებებს ვიღებ". სწორედ მენ რეი ითვლება თანამედროვე ავანგარდული ფოტოგრაფიის ფუძემდებლად.

თავის შემოქმედებაში მენ რეი ხშირად იყენებდა ფოტოგრამას - აპარატის გარეშე მიღებულ გამოსახულებას, რომელიც მიიღება ფოტოქაღალდზე სხვადასხვა საგნების დალაგებით. ფოტოქაღალდი სინათლისაგან მუქდება და მასზე ცნდება სხვადასხვა ფორმისა და ფაქტურის გამოსახულება - იმისდა მიხედვით, თუ რა ფორმა და გამჭირვალობა აქვს მასზე დაწყობილ საგნებს. ეს ხერხი ჯერ კიდევ XIX ს-ის დასაწყისში მოიგონა ერთ-ერთმა პირველმა ფოტოგრაფმა ფოქს თელბოტმა, მაგრამ მას მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებდნენ. მაშინ პირველად ასეთი ფოტოგრამებით გაფორმებული წიგნი გამოუშვა ბოტანიკოსმა და ფოტოგრაფმა ანა ატკინსმა.

XX ს-ის 20-იან წლებში მენ რეიმ ყურადღება მიაქცია, რომ ეს ხერხი უცნაური, თითქმის აბსტრაქტული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა და მისი ფართოდ გამოყენება დაიწყო. ამ ნამუშევრებს "რეიოგრამები" უწოდეს.