1.4.10

ფოტოგრაფია და ფერწერა

ხელოვნებაში ოდითგანვე არსებობდა ზოგიერთი დარგების მჭიდრო ურთიერთკავშირი და ერთიანობა, ანუ სინთეზი, და რომ არსებობს სინთეზური ხელოვნების დარგები, მაგ: თეატრი,ოპერა, ბალეტი და სხვა. სახვით ხელოვნებაში ასეტი სინთეზის მაგალითია თუნდაც ქანდაკებით, ფრესკით ან ვიტრაჟით შემკული შენობა, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში გაჩნდა მრავალი სრულიად ახალი დარგი, რომლებმაც იმოქმედეს ძველ, ტრადიციულ დარგებზე ან მათთან შერწყმით სრულიად ახალი შექმნეს.
მაგ: ავიღოტ ფოტოგრაფია. მას ბევრი რამ აქვს საერთო ფერწერასთან: ორივე მათგანი ბრტყელ ზედაპირზე სივრცობრივი და მოცულობრივი გამოსახულების ილუზიას ქმნის, თუმცა მასალები, იარაღები და გამოსახვის საშუალებები ორივეს განსხვავებული აქვს. ფოტოგრაფია ზუსტად ასახავს რეალობას და ასევეა რეალისტური ხელოვნებაც, რომელიც გაბატონებული იყო ევროპაში რენესანსის ეპოქიდან XX საუკუნემდე. ამიტომაც იყო, რომ თავდაპირველად, როდესაც XIX ს-ის 20-იან წლებში ნისეფორ ნიეპსის და ლუი დაგერის მოღვაწეობის შედეგად, ჩნდება პირველი ფოტოგრაფიები (ანუ,როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, ჰელიოგრაფიები და დაგეროტიპები), საზოგადოებაში დიდი მღელვარება და კამათი დაიწყო: ზოგს მიაჩნდა,რომ ფოტოგრაფია იმდენად სრულყოფილი რამ არის, რომ ფერწერა საჭირო აღარაა და ეს აღმოჩენა მას "მოკლავს", სხვები თვლიდნენ, რომ ხელოვნება მხოლოდ ისაა, რაც ხელით სრულდება და აღშფოთებულები იყვნენ "მექანიკური ურჩხულის უსულგულო ნაწარმით" , ზოგიც ამ აღმოჩენის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებას აღიარებდა, მხატვრულს კი-არა.
საქართველოში ფოტოგრაფია XIX ს-ის II ნახ. შემოდის. პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი, ალექსანდრე როინაშვილი, ძირითადად დოკუმენტური ფოტოგრაფიის დარგში მუშაობდა. მისი წყალობით მომავალ თაობებს შემორჩათ საზოგადო მოღვაწეთა და ხელოვანთა მდიდარი პორტრეტული გალერეა, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების ფოტოები, ქალაქური ხედები და პეიზაჟები.

2 Kommentare:

  1. კარგი პოსტია. ტელევიზიაზეც ამბობდნენ, კინოს მოკლავსო, მაგრამ :)

    AntwortenLöschen
  2. მომწონს ეს ბროწეული :)

    AntwortenLöschen